21/07/2017

ქართულში შემოსული იაპონური სიტყვები

ალბათ ყველამ კარგად ვიცით იაპონური რეალიების ამსახველი სიტყვები 着物 (Kimono), 生け花 (ikebana), 空手(karate),  (samurai), 寿司 (sushi), わさび (wasabi),  (sake) და სხვა მრავალი.

მაგრამ ახლა მინდა დავწერო იმ იაპონური სიტყების შესახებ, რომელებსაც ვიყენებთ ქართულში იაპონიასთან დაუკავშირებლადაც. მაგალითად:

カラオケ
karaoke
სიმღერისათვის ჩაწერილი მუსიკა, რომლის თანხლებითაც ნებისმიერს შეუძლია იმღეროს. კარაოკე შეიქნმა იაპონიაში. (kara) ნიშნავს ცარიელს, オケ (oke) არის სიტყვა オーケストラ (okesutora) ორკესტრის შემოკლება. კარაოკე იაპონიაში საყვარელი გასართობია. კარაოკესთვის აქვთ სპეციალურად  მოწყობილი ოთახები, საიდანაც ხმა გარეთ არ გამოვა. შიგ დგას სკამები, მაგიდები, სავარძლებიც შეიძლება იყოს. შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასმელი და საჭმელიც კი. დგას მუსიკალური ცენტრი, იქვე დევს სიმღერის კატალოგები. კატალოგებში ნებისმიერ სიმღერას ნახავთ იაპონური „ენკა“-დან დაწყებული ინგლისური პოპულარული სიმღერებით დამთავრებული. სამწუხაროდ ქართული სიმღერები არა აქვთ. მიმსვლელს შეუძლია იქირაოს რამოდენიმე საათით და იმღეროს, რამდენიც უნდა და როგორც უნდა.

津波
tsunami
წყლის ძლიერი ტალღა. ეს იაპონურ ენაში გამოხატავს დიდი ტალღებს, რომლებიც წარმოიქმნება უმთავრესად ნაპირთან ახლოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. (tsu) ნიშნავს ყურეს ან პორტს, ხოლო (nami) ტალღაა.

神風
kamikaze
ჩვენ ვიყენებთ თვითმკვლელი ტერორისტის მნიშვნეობით, იაპონურად კი  ღვთაებრივ ქარს ნიშნავს. როდესაც მონღოლთა გემები იაპონიის კუნძულებს მიადგა დაპყრობის მიზნით, ატყდა ქარიშხალი და დამპყრობელთა გემები ჩაიძირა. ამ ქარს იაპონელებმა 神風(kamikaze) ანუ  ღვთაებრივი ქარი უწოდეს. მეორე მსოფლიო ომის დროს კი იყვნენ იაპონელი პილოტები, რომლებიც მიდოდნენ მოწინააღმდეგის დასაბომბად და წინასწარ იცოდენ, რომ უკან ვერ დაბრუნდებოდნენ. იაპონელები მათ kamikaze-ს უწოდებდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ისინი იხსნიდნენ ქვეყანას განსაცდელისაგან და მოუტანდნენ გამარჯვებას. სწორედ აქედანაა წამოსული ამ სიტყვის თვითმკვლელ ტერორისტებთან გაიგივება. თვითონ იაპონელები kamikaze-ს თვლიან საპატივცემულო სიტყვად და მათთვის შეურაცხმყოფელია ტერორისტის მნიშვნელობით მისი გამოყენება.

数独
sudoku
ეს არის ციფრების ცხრილი-რებუსი, სახალისო გასართობი, რომელსაც ქართული გაზეთები და ჟურნალებიც ბეჭდავენ. ვინ არ იცის სუდოკუ?! თურმე ის მე-18 საუკუნეში შექმნა ევროპაში ცნობილმა მათემატიკოსმა ლეონარდ ეილერმა და მაშინ მას „ლათინური კვადრატი“ დაერქვა. ეს რებუსი 70-იან წლებში იბეჭდებოდა ამერიკის Dell Puzzle Magazine-ში და ერქვა Number Place. შემდეგ 80-იან წლებში იაპონურმა კომპანია Nikoli-მ, რომელიც რებუსებსა და ლოგიკურ თამაშებზე სპეციალიზირდება, გამოსცა თავის ყოველთვიურ ჟურნალში სახელით 数字は独身に限る(Sūji wa dokushin ni kagiru) რაც ნიშნავს „რიცხვი მხოლოდ ერთი უნდა იყოს“. ამ სახელიდან ამოღებულია პირველი სიტყვის დასაწყისი su და მეორე სიტყვის დასაწყისი doku. ამგვარად მივიღეთ დასახელება სუდოკუ. იაპონური რებუსების ჟურნალი ხელში ჩაუვარდა ახალზელანდიელ კაცსს, რომელმაც გააკეთა სუდოკუს ავტომატურად შემქმნელი კომპიუტერული პროგრამა. ეს პროგრამა მიჰყიდა ინგლისის გაზეთს და აქედან ის უკვე ახალი იაპონური სახელით გავრცელდა და პოპულარული გახდა ევროპაში, შემდეგ კი ჩვენშიც.

オタク
otaku
თუ არ გაგიგიათ, მალე გაიგებთ. ეს სიტყვა სწრაფად მკვიდრდება უცხო ენებში. გამოხატავს ადამიანს, რომელიც რაიმეს ფანი ან გიჟია, ანუ გადარეულია რამეზე, უფრო ხშირად კომიქსებზე (მანგა) ან კომპიუტერულ თამაშებზე. ჩვეულებრივ იაპონურ ენაში სიტყვა お宅(otaku)-თი თვაზიანად მოიხსენიებენ მოსაუბრის, ან ვინმე სხვის სახლს. მაგრამ 80-იან წლებში გამოვიდა ცნობილი ესეისტის და იუმორისტის აკიო ნაკამორის სერია 「おたく」の研究 («otaku» no kenkyu) „„ოტაკუ“-ს კვლევა“. ამ ნაწარმოებში მულტფილმებზე გადარეული ახალგაზრდები  იყენებდნენ სიტყვა otaku-ს არა როგორც „თქვენი სახლი“, არამედ   როგორც „თქვენ“, ერთმანეთისთვის მიმართვისას. შემდგომში otaku-მ შეიძინა ახალი მნიშვნელობა - რამეზე ჩაციკლული ადამიანი. ეს მნიშვნელობა მალე გავრცელდა იაპონურ საზოგადოებაში. დღეს კი მის ფარგლებს გარეთაც გამოვიდა. სახლის მნიშვნელობისაგან გასამიჯნად ოტაკუ-ს ამ მნიშვნელობით წერენ ჰირაგანათი おたく ან კატაკანათი オタク.

絵文字
emoji
ეს სიტყვა ფეისბუქის ინგლისურ ტექსტშიც შეგხვდებათ. ჩვენ ამას „სმაილიკებს“ ან ტექსტში ჩართულ სურათბს ვუწოდებთ. იაპონურად (e) ნიშნავს სურათს, ხოლო 文字(moji) ასო-ნიშანი ან იეროგლიფია. ეს არის ასოების ზომის  სურათები, რომლებსაც ურთავენ ტექსტს დამატებითი ინფორმაციის ან ემოციის გადმოსაცემად. რასაც „სმაილიკს“ ვუწიდებთ ყოველთვის გაღიმებული სახე  არ არის. შეიძლება დამწუხრებულიც იყოს და გაბრაზებულიც. ან საერთოდ სახე კი არა და ტორტი დაგვჭირდეს ემოციის გამოსახატავად, დაბადების დღისთვის სანთლებანთებული. ამდენად emoji ფართო შინაარსის კარგად მორგებული სიტყვაა, მოიცავს „სმაილიკებსაც“ და სურათებსაც.

ვფიქრობ მომავალში კიდევ იმატებს მსგავსი სიტყვები. გავადევნოთ თვალი, რომელი დარგის, და რა სიტყვები იქნება. ასევე საინტერესოა როგორი ისტორია ექნებათ მათ.

04/04/2017

იაპონიაში მოღვაწე ჩვენი მუსიკოსები თბილისში არიან

იაპონიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები ზაზა გოგუა და გიორგი ბაბუაძე თავიანთ იაპონელ მეგობრებთან ერთად გამართავენ კლასიკური მუსიკის კონცერტს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში.
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 125
ტელ: 296 12 43,   295 12 43,   295 89 96
6 აპრილი 19:30
10 აპრილი 19:30
სიმებიანი კვარტეტი „თბილისი“
გიორგი ბაბუაძე
ზაზა გოგუა
ჩიპრიანი მარინესკუ
იუტაკა ჰაიაში

ტომოკო ინოუე (ფორტეპიანო)
ზაზა გოგუა (ალტი)
ტომოკო ინოუე (ფორტეპიანო)



კვარტეტი „თბილისი“ უკვე 20 წელია წარმატებით გამოდის იაპონიის სხვადასხვა სცენებზე. თბილისში მათი კონცერტი პირველია. არ გამოტოვოთ შანსი დატკბეთ შესანიშნავი კამერული მუსიკით.

28/03/2017

ალერგია ყვავილის მტვერზე იაპონიაში

ალერგიის მიზეზი და დრო, როცა ალერგია ჩნდება სხვადასხვაა, როგორც ჩვენთან ისე უცხოეთში. მაგრამ აქ მინდა დავწერო იმ ტიპიური ალერგიის შესახებ, რომელიც იაპონიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს აწუხებს და არ ითვლება დაავადებად. ამის აღმნიშვნელი სპეციალური სიტყვაც აქვთ 花粉症 (kafunsho).

ეს ალერგია იაპონელებს ეწყებათ თებერვლის ბოლოდან და უგრძელდებათ აპრილის შუა რიცხვებამდე. მარტი არის პიკი. უმეტეს შემთხვევაში გამოიხატება თვალების და ცხვირის ქავილით, სურდოთი, ცრემლდენით და ცემინებით.

ალერგიის საწინააღმდეგო წამლები ურეცეპტოდ იყიდება. ზოგიერთი დაწესებულება კი თავის თანამშრომლებს უფასოდ ურიგებს ამ წამლებს. ალერგენი ყვავილის მტვერისაგან თავის დასაცავად იკეთებენ მასკას. ზოგს იმდენად მძიმე ფორმით აქვს, რომ ვერ სუნთქავს ცხვირით, ვერ იძინებს, აქვს სიცხე და მიმართავს ექიმს.
ისმის კითხვა - რა იწვევს ამ შემაწუხებელ ალერგიას? საქმე იმაშია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იაპონიის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით დარგეს იაპონური კრიპტომერია და იაპონური კვიპაროზი. ხის ჯიშები შეარჩიეს მათი კარგი თვისებებით: ეს წიწვოვანი ხეები მალე იზრდება და ხის მასალად გამოდგება, მათ აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა და მეწყერის შეკავება შეუძლია. დარგულმა ხეებმა მოლოდინი გაამართლა. მაგრამ შემდგომში გაცილებით იაფად უცხოეთიდან შემოიტანეს იგივე ხის მასალა და იაპონიის ტერიტორიაზე დარგული ხეები გამოუყენებელი დარჩა, ზედმეტად გამრავლდა და ტყეებად გადაიზარდა. ჰაერში დაირღვა ბალანსი და ბევრ ადამიანს ამ ხეების მიერ გამოყოფილ ყვავილის მტვერზე გაუჩნდა ალერგიული რეაქცია.
 
იაპონური კრიპტომერიის ტოტები ყვავილობისას
ქარი უბერავს და ყვავილის მტვერი გადააქვს
ჩატარებული დაკვირვების მიხედვით ეს ალერგია შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაეწყოს მოულოდნელად, მათ შორის უცხოელებსაც იაპონიაში მრავალი წლის ცხოვრების შემდეგ. ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვერის შემცირების ან სულ არ ქონის შემთხვევაშიც კი მათ ვისაც ალერგია ჰქონდა უწინ გარკვეული ხანი უგრძელდებათ ეს რეაქცია. ამდენად სქართველოში ჩამოსულ იაპობელებსაც აქვთ მარტში ალერგია, თუმცა იაპონიასთან შედარებით მსუბუქად.

ალბათ ეს არის იმის კიდევ ერთი  მაგალითი, რომ ბუნებაში ხელოვნურმა ჩარევამ სერიოზული ზიანი შეიძლება მოგვიტანოს.

14/03/2017

ეგრეთ წოდებული „თეთრი დღე“ იაპონიაში

ვალენტინობის დღის ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 14 მარტს იაპონიაში ホワイトデー (howaito dee) , ინგლისურად „White Day“ ანუ „თეთრი დღე“ აქვთ. იაპონელებს  ძალიან არ უყვართ ვალში ყოფნა და ვალენტინობის დღის გასაწონასწორებლად შემოიღეს ისეთი დღე, როცა მამაკაცები აჩუქებენ ქალებს ტკბილეულს. ვინც ვალენტინობას შოკოლადი მიიღო საჩუქრად, შოკოლადის გამომგზავნელს სამაგიეროდ უგზავნის მაშმელოუ-ს (თეთრი ფერის ღრუბლის მსგავსი ტკბილეული, ჩვენში ზეფირსაც ეძახიან), ან თეთრ შოკოლადს.


დიდი უნივერმაღები წინასწარ აკეთბენ თავიანთი ტკბილეულის რეკლამას და გამუდმებით ახსენებენ მომხმარებლებს, რომ ე. წ. „თეთრი დღისთვის“ შეიძინონ საჩუქარი. ამგვარად დამავიწყდა ან არ გამახსენდაო ვერავინ მოიმიზეზებს.

ეს ტრადიცია იაპონიაში დაიბადა. შემდეგ ნაწილობრივ გავრცელდა ჩინეთში, კორეაში ტაივანში და აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. მიუხედავად ამ დღის დასახელების ინგლისური წარმომავლობისა, ევროპასა და ამერიკაში ასეთი არაფერი აქვთ.

12/03/2017

პატარა გოგონების დღესასწაული იაპონიაში

3 მარტს, როცა ჩვენ დედის დღეს ვზეიმობთ იაპონიაში არის ひな祭り (hina matsuri) ანუ პატარა გოგონების დღესასწაული

ამ დღეს ის ოჯახები, რომლებსაც პატარა გოგონა ჰყავთ, სახლში გამოფენენ თოჯინებს ひな人形 (hina ningyou).
ひな人形 (hina ningyou).
კიბის ფორმის სადგარზე დაფენილია წითელი ხალიჩა. ორივე მხარეს ინთება ფარანი. სულ ზემოთ ზის იმპერატორი. მას გვერდს მეუღლე უმშვენებს. მათ ქვემოთ სამი მოსამსახურე ქალია. შემდეგ მუსიკოსები სხედან. მათ ქვემოთ ორი მინისტრი ზის, ერთი მარჯვნივ მეორე კი მარცხნივ. მათ შორის მცველები სხედან. ხოლო ბოლო საფეხურზე დევს მზითები.

ქალაქის მაცხოვრებლები ბინაში ადგილის სიმცირის გამო ხშირად ამ მოსართავის შეკვეცილ ვარიანტს დგავენ, სადაც მხოლოდ იმპერატორი და მისი მეუღლეა.
ひな人形 (hina ningyou) შეკვეცილი ვარიანტი
ამ დღეს აკეთებენ კერძს ちらし寿司 (chirashizushi). ეს არის სუშის ერთ ერთი სახეობა. ჩვენთვის ნაცნობი სუშისგან განსხვავებით მას ფლავის ფორმა აქვს. 
ちらし寿司 (chirashizushi)
მასში შერეულია თხლად შემწვარი და გრძლად დაჭრილი კვერცხი, წვრილად დაჭრილი, წითლად შეფერილი და ძმარში გამოყვანილი კოჭა (ჯანჯაფილი),  ლოტოსის ფესვები, კრივეტები, წითელი ხიზილალა და სხვა. ზემოდან აყრიან წვრილად დაჭრილ მშრალ ზღვის წყალმცენარეს „ნორი“. ცდილობენ ეს კერძი იყოს ფერადოვანი. 

აგრეთვე ამ დღისთვის იყიდება ბრინჯისგან დამზადებული ხრამუნა ბურთულები ひなあられ (hina arare).
ひなあられ (hina arare)
ბურთულებს მოტკბო გემო აქვს, შეფერილია თეთრ, ღია ვარდისფერ და სალათისფერ ფერად.

არსებობს ამ დღესასწაულის სიმღერაც  (ნახეთ ბმულზე).

„ჰინამაცური“-ს აღნიშვნით ოჯახი მადლობას უხდის განგებას, რომ მათი პატარა ქალიშვილი ჯანმრთელი იზრდება და ღმერთს მისთვის ბედნიერ ქორწინებას შესთხოვს.

14/02/2017

ვალენტინობა იაპონიაში

ვალენტინობის აღნიშვნა იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს.  ამ დროს იაპონიის შოკოლადის მწარმოებლებმა სიტუაცია კარგად გამოიყენეს  და თავიანთი სარეკლამო კამპანიისას ხალხს მიაწოდეს აზრი, რომ ვალენტინობის დღეს შოკოლადი ყველაზე კარგი საჩუქარია. საზოგადოებამ ეს აზრი აიტაცა და მას მერე იაპოიაში ყოველ წელს ვალეტინობას გაყიდული შოკოლადის რაოდენობა სულ უფრო მატულობს.

საინტერესოა, რომ შოკოლადს იაპონიაში სიყვარულის ნიშნად  ქალები ჩუქნიან მამაკაცებს და არა პირიქით. თუმცა ბოლო დროს ვალენტინობის დღეს შკოლადს ქალისა და მამაკაცის სიყვარულის მოტივის გარეშეც სჩუქნიან ხოლმე. მაგალითად ქალები თავის მეგობარ ქალებს, მშობლები შვილებს, თანამშრომლები ერთმანეთს და ა. შ. მაგრამ დღემდე იაპონიაში არ არის ტრადიცია, როდესაც ვალენტინობას მამაკაცი ქალს სჩუქნის შოკოლადს ან რამე საჩუქარს.
იაპონურ ენაში გაჩნდა შემდეგი სიტყვათშეთანხმებები:
 義理チョコ(giri choko) შოკოლადი თავაზიანობის გამოსახატავად, 
友チョコ
(tomo choko) შოკოლადი მეგობრისთვის,
本命チョコ (honmei choko) შოკოლადი რჩეულისთვის
საყვრელი ადამიანისათვის შოკოლადს ყიდულობენ ცნობილი მწარმოებლებისგან.
 ასეთი შოკოლადი ძალიან ლამაზად გაფორმებულია,
გულის ფორმის კოლოფში დევს ან თვითონ შოკოლადს აქვს გულის ფორმა.
ბევრი გოგონა თუ ქალი თავისი რჩეულისათვის შოკოლადს თავისი ხელით აკეთებს.
მე ჩავთვალე რომ შოკოლადს მე სახლში იმათზე უკეთ ვერ გავაკეთბ ვიდრე
ამას ცნობილი მწარმოებლები აკეთბენ. ამიტომ ვაცხობ ასეთ შოკოლადის ნამცხვარს.

14/03/2016

პლასტიკის ბოთლების მჭამელი ბაქტერია აღმოაჩინეს

იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკროორგანიზმი, რომელიც იკვებება პლასტიკის ბოთლების ნარჩენებით. აღნიშნული მიკროორგანიზმი შლის პლასტიკის ნარჩენებს და საბოლოოდ ვიღებთ ნახშირორჟანგს, წყალს და თვით ამ მიკროორგანიზმებს.

როგორც მიკროორგანიზმის ფერმენტის გენეტიკური ინფორმაციის კვლევისას გაირკვა პოლიეთილენ ტერეფთალატი (Polyethylene terephthalate), რისგანაც პლასტიკის ბოთლები კეთდება მისთვის სასურველი საკვებია და ჩვეულებრივ ტემპერატურაზე გადაამუშავებს მას.

ამჟამად პოლიეთილენ ტერეფთალატის გადამუშავება ხდება ქიმიურად, მაღალი ტემპერატურისა და მაღალი წნევის პირბებში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ კვლევამ მომავალში შესაძლებელია გაადვილოს პლასტიკის ბოთლების გადამუშავება და პროცესი მეტად გარემოს დამზოგავი გახადოს.

იხილეთ გაზეთი ასაჰი 12.03.2016