28/03/2017

ალერგია ყვავილის მტვერზე იაპონიაში

ალერგიის მიზეზი და დრო, როცა ალერგია ჩნდება სხვადასხვაა, როგორც ჩვენთან ისე უცხოეთში. მაგრამ აქ მინდა დავწერო იმ ტიპიური ალერგიის შესახებ, რომელიც იაპონიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს აწუხებს და არ ითვლება დაავადებად. ამის აღმნიშვნელი სპეციალური სიტყვაც აქვთ 花粉症 (kafunsho).

ეს ალერგია იაპონელებს ეწყებათ თებერვლის ბოლოდან და უგრძელდებათ აპრილის შუა რიცხვებამდე. მარტი არის პიკი. უმეტეს შემთხვევაში გამოიხატება თვალების და ცხვირის ქავილით, სურდოთი, ცრემლდენით და ცემინებით.

ალერგიის საწინააღმდეგო წამლები ურეცეპტოდ იყიდება. ზოგიერთი დაწესებულება კი თავის თანამშრომლებს უფასოდ ურიგებს ამ წამლებს. ალერგენი ყვავილის მტვერისაგან თავის დასაცავად იკეთებენ მასკას. ზოგს იმდენად მძიმე ფორმით აქვს, რომ ვერ სუნთქავს ცხვირით, ვერ იძინებს, აქვს სიცხე და მიმართავს ექიმს.
ისმის კითხვა - რა იწვევს ამ შემაწუხებელ ალერგიას? საქმე იმაშია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იაპონიის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით დარგეს იაპონური კრიპტომერია და იაპონური კვიპაროზი. ხის ჯიშები შეარჩიეს მათი კარგი თვისებებით: ეს წიწვოვანი ხეები მალე იზრდება და ხის მასალად გამოდგება, მათ აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა და მეწყერის შეკავება შეუძლია. დარგულმა ხეებმა მოლოდინი გაამართლა. მაგრამ შემდგომში გაცილებით იაფად უცხოეთიდან შემოიტანეს იგივე ხის მასალა და იაპონიის ტერიტორიაზე დარგული ხეები გამოუყენებელი დარჩა, ზედმეტად გამრავლდა და ტყეებად გადაიზარდა. ჰაერში დაირღვა ბალანსი და ბევრ ადამიანს ამ ხეების მიერ გამოყოფილ ყვავილის მტვერზე გაუჩნდა ალერგიული რეაქცია.
 
იაპონური კრიპტომერიის ტოტები ყვავილობისას
ქარი უბერავს და ყვავილის მტვერი გადააქვს
ჩატარებული დაკვირვების მიხედვით ეს ალერგია შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაეწყოს მოულოდნელად, მათ შორის უცხოელებსაც იაპონიაში მრავალი წლის ცხოვრების შემდეგ. ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვერის შემცირების ან სულ არ ქონის შემთხვევაშიც კი მათ ვისაც ალერგია ჰქონდა უწინ გარკვეული ხანი უგრძელდებათ ეს რეაქცია. ამდენად სქართველოში ჩამოსულ იაპობელებსაც აქვთ მარტში ალერგია, თუმცა იაპონიასთან შედარებით მსუბუქად.

ალბათ ეს არის იმის კიდევ ერთი  მაგალითი, რომ ბუნებაში ხელოვნურმა ჩარევამ სერიოზული ზიანი შეიძლება მოგვიტანოს.

No comments:

Post a Comment