12/03/2017

პატარა გოგონების დღესასწაული იაპონიაში

3 მარტს, როცა ჩვენ დედის დღეს ვზეიმობთ იაპონიაში არის ひな祭り (hina matsuri) ანუ პატარა გოგონების დღესასწაული

ამ დღეს ის ოჯახები, რომლებსაც პატარა გოგონა ჰყავთ, სახლში გამოფენენ თოჯინებს ひな人形 (hina ningyou).
ひな人形 (hina ningyou).
კიბის ფორმის სადგარზე დაფენილია წითელი ხალიჩა. ორივე მხარეს ინთება ფარანი. სულ ზემოთ ზის იმპერატორი. მას გვერდს მეუღლე უმშვენებს. მათ ქვემოთ სამი მოსამსახურე ქალია. შემდეგ მუსიკოსები სხედან. მათ ქვემოთ ორი მინისტრი ზის, ერთი მარჯვნივ მეორე კი მარცხნივ. მათ შორის მცველები სხედან. ხოლო ბოლო საფეხურზე დევს მზითები.

ქალაქის მაცხოვრებლები ბინაში ადგილის სიმცირის გამო ხშირად ამ მოსართავის შეკვეცილ ვარიანტს დგავენ, სადაც მხოლოდ იმპერატორი და მისი მეუღლეა.
ひな人形 (hina ningyou) შეკვეცილი ვარიანტი
ამ დღეს აკეთებენ კერძს ちらし寿司 (chirashizushi). ეს არის სუშის ერთ ერთი სახეობა. ჩვენთვის ნაცნობი სუშისგან განსხვავებით მას ფლავის ფორმა აქვს. 
ちらし寿司 (chirashizushi)
მასში შერეულია თხლად შემწვარი და გრძლად დაჭრილი კვერცხი, წვრილად დაჭრილი, წითლად შეფერილი და ძმარში გამოყვანილი კოჭა (ჯანჯაფილი),  ლოტოსის ფესვები, კრივეტები, წითელი ხიზილალა და სხვა. ზემოდან აყრიან წვრილად დაჭრილ მშრალ ზღვის წყალმცენარეს „ნორი“. ცდილობენ ეს კერძი იყოს ფერადოვანი. 

აგრეთვე ამ დღისთვის იყიდება ბრინჯისგან დამზადებული ხრამუნა ბურთულები ひなあられ (hina arare).
ひなあられ (hina arare)
ბურთულებს მოტკბო გემო აქვს, შეფერილია თეთრ, ღია ვარდისფერ და სალათისფერ ფერად.

არსებობს ამ დღესასწაულის სიმღერაც  (ნახეთ ბმულზე).

„ჰინამაცური“-ს აღნიშვნით ოჯახი მადლობას უხდის განგებას, რომ მათი პატარა ქალიშვილი ჯანმრთელი იზრდება და ღმერთს მისთვის ბედნიერ ქორწინებას შესთხოვს.

No comments:

Post a Comment