28/03/2017

ალერგია ყვავილის მტვერზე იაპონიაში

ალერგიის მიზეზი და დრო, როცა ალერგია ჩნდება სხვადასხვაა, როგორც ჩვენთან ისე უცხოეთში. მაგრამ აქ მინდა დავწერო იმ ტიპიური ალერგიის შესახებ, რომელიც იაპონიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს აწუხებს და არ ითვლება დაავადებად. ამის აღმნიშვნელი სპეციალური სიტყვაც აქვთ 花粉症 (kafunsho).

ეს ალერგია იაპონელებს ეწყებათ თებერვლის ბოლოდან და უგრძელდებათ აპრილის შუა რიცხვებამდე. მარტი არის პიკი. უმეტეს შემთხვევაში გამოიხატება თვალების და ცხვირის ქავილით, სურდოთი, ცრემლდენით და ცემინებით.

ალერგიის საწინააღმდეგო წამლები ურეცეპტოდ იყიდება. ზოგიერთი დაწესებულება კი თავის თანამშრომლებს უფასოდ ურიგებს ამ წამლებს. ალერგენი ყვავილის მტვერისაგან თავის დასაცავად იკეთებენ მასკას. ზოგს იმდენად მძიმე ფორმით აქვს, რომ ვერ სუნთქავს ცხვირით, ვერ იძინებს, აქვს სიცხე და მიმართავს ექიმს.
ისმის კითხვა - რა იწვევს ამ შემაწუხებელ ალერგიას? საქმე იმაშია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იაპონიის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით დარგეს იაპონური კრიპტომერია და იაპონური კვიპაროზი. ხის ჯიშები შეარჩიეს მათი კარგი თვისებებით: ეს წიწვოვანი ხეები მალე იზრდება და ხის მასალად გამოდგება, მათ აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა და მეწყერის შეკავება შეუძლია. დარგულმა ხეებმა მოლოდინი გაამართლა. მაგრამ შემდგომში გაცილებით იაფად უცხოეთიდან შემოიტანეს იგივე ხის მასალა და იაპონიის ტერიტორიაზე დარგული ხეები გამოუყენებელი დარჩა, ზედმეტად გამრავლდა და ტყეებად გადაიზარდა. ჰაერში დაირღვა ბალანსი და ბევრ ადამიანს ამ ხეების მიერ გამოყოფილ ყვავილის მტვერზე გაუჩნდა ალერგიული რეაქცია.
 
იაპონური კრიპტომერიის ტოტები ყვავილობისას
ქარი უბერავს და ყვავილის მტვერი გადააქვს
ჩატარებული დაკვირვების მიხედვით ეს ალერგია შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაეწყოს მოულოდნელად, მათ შორის უცხოელებსაც იაპონიაში მრავალი წლის ცხოვრების შემდეგ. ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვერის შემცირების ან სულ არ ქონის შემთხვევაშიც კი მათ ვისაც ალერგია ჰქონდა უწინ გარკვეული ხანი უგრძელდებათ ეს რეაქცია. ამდენად სქართველოში ჩამოსულ იაპობელებსაც აქვთ მარტში ალერგია, თუმცა იაპონიასთან შედარებით მსუბუქად.

ალბათ ეს არის იმის კიდევ ერთი  მაგალითი, რომ ბუნებაში ხელოვნურმა ჩარევამ სერიოზული ზიანი შეიძლება მოგვიტანოს.

14/03/2017

ეგრეთ წოდებული „თეთრი დღე“ იაპონიაში

ვალენტინობის დღის ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 14 მარტს იაპონიაში ホワイトデー (howaito dee) , ინგლისურად „White Day“ ანუ „თეთრი დღე“ აქვთ. იაპონელებს  ძალიან არ უყვართ ვალში ყოფნა და ვალენტინობის დღის გასაწონასწორებლად შემოიღეს ისეთი დღე, როცა მამაკაცები აჩუქებენ ქალებს ტკბილეულს. ვინც ვალენტინობას შოკოლადი მიიღო საჩუქრად, შოკოლადის გამომგზავნელს სამაგიეროდ უგზავნის მაშმელოუ-ს (თეთრი ფერის ღრუბლის მსგავსი ტკბილეული, ჩვენში ზეფირსაც ეძახიან), ან თეთრ შოკოლადს.


დიდი უნივერმაღები წინასწარ აკეთბენ თავიანთი ტკბილეულის რეკლამას და გამუდმებით ახსენებენ მომხმარებლებს, რომ ე. წ. „თეთრი დღისთვის“ შეიძინონ საჩუქარი. ამგვარად დამავიწყდა ან არ გამახსენდაო ვერავინ მოიმიზეზებს.

ეს ტრადიცია იაპონიაში დაიბადა. შემდეგ ნაწილობრივ გავრცელდა ჩინეთში, კორეაში ტაივანში და აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. მიუხედავად ამ დღის დასახელების ინგლისური წარმომავლობისა, ევროპასა და ამერიკაში ასეთი არაფერი აქვთ.

12/03/2017

პატარა გოგონების დღესასწაული იაპონიაში

3 მარტს, როცა ჩვენ დედის დღეს ვზეიმობთ იაპონიაში არის ひな祭り (hina matsuri) ანუ პატარა გოგონების დღესასწაული

ამ დღეს ის ოჯახები, რომლებსაც პატარა გოგონა ჰყავთ, სახლში გამოფენენ თოჯინებს ひな人形 (hina ningyou).
ひな人形 (hina ningyou).
კიბის ფორმის სადგარზე დაფენილია წითელი ხალიჩა. ორივე მხარეს ინთება ფარანი. სულ ზემოთ ზის იმპერატორი. მას გვერდს მეუღლე უმშვენებს. მათ ქვემოთ სამი მოსამსახურე ქალია. შემდეგ მუსიკოსები სხედან. მათ ქვემოთ ორი მინისტრი ზის, ერთი მარჯვნივ მეორე კი მარცხნივ. მათ შორის მცველები სხედან. ხოლო ბოლო საფეხურზე დევს მზითები.

ქალაქის მაცხოვრებლები ბინაში ადგილის სიმცირის გამო ხშირად ამ მოსართავის შეკვეცილ ვარიანტს დგავენ, სადაც მხოლოდ იმპერატორი და მისი მეუღლეა.
ひな人形 (hina ningyou) შეკვეცილი ვარიანტი
ამ დღეს აკეთებენ კერძს ちらし寿司 (chirashizushi). ეს არის სუშის ერთ ერთი სახეობა. ჩვენთვის ნაცნობი სუშისგან განსხვავებით მას ფლავის ფორმა აქვს. 
ちらし寿司 (chirashizushi)
მასში შერეულია თხლად შემწვარი და გრძლად დაჭრილი კვერცხი, წვრილად დაჭრილი, წითლად შეფერილი და ძმარში გამოყვანილი კოჭა (ჯანჯაფილი),  ლოტოსის ფესვები, კრივეტები, წითელი ხიზილალა და სხვა. ზემოდან აყრიან წვრილად დაჭრილ მშრალ ზღვის წყალმცენარეს „ნორი“. ცდილობენ ეს კერძი იყოს ფერადოვანი. 

აგრეთვე ამ დღისთვის იყიდება ბრინჯისგან დამზადებული ხრამუნა ბურთულები ひなあられ (hina arare).
ひなあられ (hina arare)
ბურთულებს მოტკბო გემო აქვს, შეფერილია თეთრ, ღია ვარდისფერ და სალათისფერ ფერად.

არსებობს ამ დღესასწაულის სიმღერაც  (ნახეთ ბმულზე).

„ჰინამაცური“-ს აღნიშვნით ოჯახი მადლობას უხდის განგებას, რომ მათი პატარა ქალიშვილი ჯანმრთელი იზრდება და ღმერთს მისთვის ბედნიერ ქორწინებას შესთხოვს.